logo
ENG



თურნავას თქმით, პანდემია უფრო მოკლევადიანი პრობლემაა და საპენსიო დანაზოგი არ უნდა დაიხარჯოს

26 ნოე 202015:33
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება მთლიანი რეფორმის დისკრედიტაციაა. ნათია თურნავას თქმით, საპენსიო რეფორმასთან შედარებით კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისი მოკლევადიანია, ამიტომ ის ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.

"საპენსიო რეფორმა ერთერთი ფუძემდებლური რეფორმაა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ რაიმე ჩრდილი და არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაწყვეტი საკითხი და პანდემია სწორედ ასეთია, თუ მას შევადარებთ საპენსიოს სქემას და ხანგრძლივობას...სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავაგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა",-თქვა ნათია თურნავამ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე სოციალური დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მისივე თქმით, მთავრობა თვითდასაქმებულებს საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.

 


close დახურვა